რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა

ანკარამ „რუსეთ-უკრაინის კრიზისზე“ თავიდანვე მკაფიო, დაბალანსებული და ობიექტური პოზიცია დაიკავა კანონმდებლობის დაცვის ფარგლებში, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თურქული მედიის ცნობით, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, თურქეთი პოზიტიურ პოზიციას ინარჩუნებს უკრაინასა და რუსეთთან მიმართებით და პატიოსანი შუამავლის როლშია. 

ამასთან, მედიის ცნობით, ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა, რომ ახლა აუცილებელია ყველაფრის გაკეთება, რათა უკრაინის კრიზისი მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. ჩავუშოღლუმ მიუთითა ლავროვს, რომ თურქეთი განაგრძობს მონტრეს კონვენციის ყველა წესისა და პირობის დაცვას. საპასუხოდ, ლავროვმა აღნიშნა, რომ მონტრეს კონვენციის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით, ანკარის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას აფასებს. რუსმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარას და მოსკოვს უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა აქვთ, თუმცა ანკარის „გაწონასწორებული პოზიცია“ დასაფასებელია. ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა თურქეთისა და რუსეთის განსაკუთრებულ ორმხრივ ურთიერთობებს.​ მან მადლობა გადაუხადა რუსეთს, რომ მოსკოვმა ორი რუსული გემის ბოსფორის სრუტეში შეყვანაზე თავად თქვა უარი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალს, სატელეფონო საუბრისას, თავის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, აღნიშნა, რომ „შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო გემების გატარებაზე აკრძალვა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინისთვის.


„შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანუტარული დახმარება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს“, – აცხადებდა ვოლოდიმირ ზელენსკი.

მანამდე, უკრაინამ, 24 თებერვალს სთხოვა თურქეთს, დაეკეტა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის, ამის შესახებ ანკარაში უკრაინის ელჩმა, მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთმა მეზობელზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები განახორციელა. 25 თებერვალს, Reuters-მა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ციტატა გაავრცელა, რომლის თანახმად, „თურქეთს არ შეუძლია, რუსული სამხედრო ხომალდების წვდომის შეჩერება შავ ზღვაზე თავისი სრუტეების მეშვეობით ისე, როგორც ამას უკრაინა ითხოვს, რადგან ხომალდებს საკუთარ ბაზაზე დაბრუნების უფლებას საერთაშორისო ხელშეკრულება აძლევს“. 27 თებერვალს, მევლუთ ჩავუშოღლუმ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. ბრიტანული სააგენტო Reuters-ი წერდა, რომ NATO-ს წევრმა თურქეთმა შეცვალა თავისი რიტორიკა და რუსეთის „თავდასხმას უკრაინაზე“, „ომი“ უწოდა.


ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთმა პირობა დადო, რომ განახორციელებს საერთაშორისო პაქტის ნაწილებს, რომლებიც პოტენციურად შეზღუდავს რუსული ხომალდების ტრანზიტს ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში.

„ის, რაც ახლა ხდება, არ არის რამდენიმე საჰაერო დარტყმა, სიტუაცია უკრაინაში ოფიციალურად ომია - ჩვენ განვახორციელებთ „მონტრეს კონვენციას", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ CNN-თან საუბრისას.

მინისტრმა განმარტა, რომ თურქეთს არ შეუძლია, შავ ზღვაში შესვლაში ხელი შეუშალოს რუსეთის ყველა გემს, ვინაიდან, კონვენციის თანახმად, არ შეიძლება იმ გემების შეკავება, რომლებიც საკუთარ ბაზებზე ბრუნდებიან.

ცნობისთვის, 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს.

მონტრეს საერთაშორისო კონვენციის თანახმად, NATO-ს წევრი თურქეთი აკონტროლებს გემების გადასასვლელს ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის, რაც მას პოტენციურ საკვანძო მოთამაშედ აქცევს რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში.


თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 15 მარტს განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს მოსკოვსა და კიევში გზავნის, როგორც თურქეთის შუამავლობის მცდელობის ნაწილი, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. NATO-ს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში, აქვს კარგი კავშირები ორივესთან და მათ შუამავლის როლი შესთავაზა. მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, მაგრამ ასევე ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის სანქციებს. გასულ კვირას ანტალიაში, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გამართულმა მოლაპარაკებებმა, რომელსაც ჩავუშოღლუც ესწრებოდა, კონკრეტული შედეგი არ გამოიღო.


ასევე წაიკითხეთ:

ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს

ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს

აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს


თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters

უკრაინამ თურქეთს სთხოვა, რუსული გემები არ გაატაროს

ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია